logo
ENG



"დეპუტატი კი არა, მშიშარა ხართ" - ოცნების დეპუტატი ვახო სანაიას კითხვებს არ პასუხობს

20 ივლ 202115:31
3 წუთის საკითხავი
 

ოცნების დეპუტატები პარლამენტში მყოფი მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხს არ სცემენ. 

ფორმულას ჟურნალისტის, ვახო სანაიას კითხვაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაზე, ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ასე პასუხობს:

"საკუთარ თავთან უფრო მეტი კითხვა გაქვთ დასასმელი. ნახვამდის მნიშვნელობა იცით თქვენ? თუ არ იცით, თქვენი პრობლემაა",  - თქვა სარჯველაძემ და ტერიტორია, სადაც ჟურნალისტები იმყოფებოდნენ, დატოვა. 

"დეპუტატი კი არა, მშიშარა ხართ", - მიმართა სანაიამ სარჯველაძეს.

"მშიშრები არიან, ჟურნალისტების კითხვებს პასუხებს ვერ სცემენ. ჯერ ლიფტში დაიმალა, შემდეგ შიგნით შევიდა", - თქვა სანაიამ.

მისი თქმით, ჟურნალისტების მთავარი მოთხოვნა უცვლელია, პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს და დამნაშავეები დაისაჯონ, თუმცა როგორც სანაიამ აღნიშნა სარჯველაძის ქცევა იყო მაგალითი იმისა, რა მდგომარეობაშიც ახლა ქართული ოცნებაა. 

"პარლამენტის ყველა ფლიგელში ვსდიეთ, ეზოშიც გავედით, პასუხი არ აქვს არაფერზე და გარბის ისევე, როგორც გარბის მისი პრემიერმინისტრი. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას და პრემიერინისტრის გადადგომას. რამდენიმე დეპუტატი, რომელიც გამოვიდა, ზუსტად ასე, მხდალივით გამოვიდა. პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა ლიდერები კი გაიპარნენ პარლამენტის სათადარიგო გასასვლელიდან", - თქვა სანაიამ. 

პარლამენტში შესვლამდე მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან აქციას მართავდნენ და 5 ივლისს მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და დამნაშავეების დასჯას ითხოვდნენ. 

5 ივლისს ღირსების მარში იყო დაგეგმილი, თუმცა რუსთაველის გამზირი დილიდან დაიკავეს მოძალადე ჰომოფობებმა, რის გამოც თბილისი პრაიდმა მარში გააუქმა. საპატრიარქოსა და მოძალადე ჯგუფების ორგანიზებული კონტრაქციის მონაწილეებმა იძალადეს მედიის წარმომადგენლებსა და გამვლელებზე. სულ მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.


close დახურვა